ენმ-ის ოფისთან მოშიმშილეები სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა ექიმმა მოინახულა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილეები ექიმებმა მოინახულეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სქმნილი სამთავრობო კონსილიუმის წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე ამბობს, რომ გაეცნო პროტესტის მონაწილეების მდგომარეობას და 2 მათგანს შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის რეკომენდაცია მისცა, თუმცა მათგან ამაზე უარი მიიღო.

გიორგაძის ინფორმაციით, შემუშავდა ზოგადი რეკომენდაციები და რამდენიმე ადამიანს ექიმები მომდევნო დღეებში დააკვირდებიან.

„ზოგიერთ ადამიანთან გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან არის გარკვეული სხვა დაავადებები და ამ ადამიანებს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. შეიძლება, რაღაც მომენტი დადგეს, როცა ექიმები კატეგორიულად მოსთხოვენ მათ შიმშილობის შეწყვეტას.

შევიმუშავეთ ერთობლივი რეკომენდაციები. გავითვალისწინეთ მსოფლიო რეკომენდაციები ანუ რომ უნდა მივაწოდოთ მინერალები და ვიტამინები ამ ადამიანებს, მით უმეტეს, ზამთარია და ყველას დასუსტებული აქვს იმუნური სისტემა.

2 ადამიანზე ვფიქრობთ, რომ სასურველია, დღესვე შეწყვიტონ შიმშილობა, მაგრამ ორივესგან მივიღეთ უარი.

როგორც კი ნახავენ რომ თავს უარესად იგრძნობენ, თავადაც იციან რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტონ. კიდევ 5 ადამიანზე მოხდება დაკვირვება და დრო გვიჩვენებს, საჭირო იქნება თუ არა რომ შიმშილობა შეწყვიტონ“, – განაცხადა ექიმმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან 21 დეკემბრის საღამოდან მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მხარდამჭერებმა თუ პარტიის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს.

ენმ-ის ოფისთან დაახლოებით 9 კარავია გაშლილი. ნიკა მელიას თქმით, 300-მდე ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, პარტიის ლიდერები – ნიკა მელია, გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი ბოტკოველი.

შიმშილობის აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ შეწყვეტენ შიმშილობას მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.