ენმ-ის საკრებულოს დეპუტატზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დაკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 22 სექტემბერს გლდანში ენმ-ის საკრებულოს დეპუტატზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დაკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 6 პირი ცხელ კვალზე დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გრძელდება, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


რა მოხდა გლდანში?

22 სექტემბერს გლდანში თავს დაესხნენ ენმ-ის საკრებულოს წევრს ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ 3 პირს. მომხდარის ორგანიზებაში ეძგვერაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს ადანაშაულებს და დაპირისპირებას საკრებულოს სხდომაზე მომხდარს უკავშირებს. ეძგვერაძის თქმითვე, მათ თავს 30-ზე მეტი ადამიანი დაესხა.დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ ეპიზოდზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ გლდანში მივიდნენ მისი თანაპარტიელები, ენმ-ს წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შსს-მ კი ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავა და იზოლატორში გადაიყვანა.

მოგვიანებით შსს-მ ასევე განაცხადა, რომ გამოძიება ასევე დაიწყო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით (სსკ-ის 353-ე პრიმა), ვინაიდან, „დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ“.