ენმ-ის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არც ხატია დეკანოიძე განიხილავს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არ განიხილავს საკუთარ კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

მან ამის შესახებ ჟურნალისტ ნიკა გვარამიასთან საპატიმროში შესავლამდე ისაუბრა. მისი თქმით, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია პარტიასა და პარლამენტში.

„არ განვიხილავ, მე არ ვარ ადამიანი, ვის მაგივრადაც სხვებმა შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი, ეს არის პირველ რიგში ჩემი და ბევრი ჩემი მეგობრის საზრუნავი.

მე ჩემი კანდიდატურა არც განმიხილავს და არც განვიხილავ, რადგან ვთვლი, რომ პარტიაში და პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს“, – თქვა მან.

დღეს პარტიის წევრებმა ლევან ხაბეიშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.


9 ნოემბერს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურისა და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურნენ პარტიის ლიდერები და თქვეს, რომ ენმ და თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.

პარტიაში მთელი დღის მსჯელობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საღამოს განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.