ენმ-ის უკრაინაში მორიგ ვიზიტს მოჰყვა დანილოვის განცხადება - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე ღიად საუბარი  „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინაში მორიგი ვიზიტის შემდეგ დაიწყეს.

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო.

ჩვენ საზოგადოებას არაერთგზის გავუზიარეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში სამხედრო კონფლიქტის გადმოტანის მიზანს ემსახურება „ომის პარტიის“ პირდაპირი თუ ირიბი საუბრები, ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარაზე და მოწოდებები ომის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი ომი აფხაზეთსა და ცხინვალში იქნება არა მხოლოდ ომი ქართველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, არამედ, ასევე, ომი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის.

ახალი ძმათამკვლელი ომი იქნება უდიდესი, უპატიებელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ. თუ არსებული მძიმე ვითარება ქმნის რაიმე შესაძლებლობის ფანჯარას ამ თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გავუწოდოთ დახმარების ხელი გამწვავებულ სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის შეფასებით, რუსეთის ინტერესების სფეროებში დამატებითი ფრონტების გახსნა დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად – „მაგრამ თუ დნესტრისპირეთიც, საქართველოც და ყველანი დღეს დაკავებული იქნებოდნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით… უფრო მეტიც, პოლონეთი უკვე არაოფიციალურ დონეზე გამოვიდა პრეტენზიით კალინინგრადის ოლქზე. ეს ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარება, რადგან რუსეთს ექნება, რით დაკავდეს, გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“.