როგორ შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“ დანილოვის განცხადება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატები უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურნენ.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დანილოვის შეფასებით, რუსეთის ინტერესების სფეროებში დამატებითი ფრონტების გახსნა დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად,- „მაგრამ თუ დნესტრისპირეთიც, საქართველოც და ყველანი დღეს დაკავებული იქნებოდნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით… უფრო მეტიც, პოლონეთი უკვე არაოფიციალურ დონეზე გამოვიდა პრეტენციით კალინინგრადის ოლქზე. ეს ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარეობა, რადგან რუსეთს ექნება, რით დაკავდეს გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა.“

„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ არიან სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოვებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად. მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი დიდ ხანს ვერ დამალავდნენ მათ ჩანაფიქრს და ამოცანებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და შოკისმომგვრელი“,- წერს ბერაია.

დანილოვის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსი თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც:

„იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ამბავია. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მოუწოდებს საქართველოს (და სხვებს), უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები განადგურდეს და ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ? მართლა?“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ახლა საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდებას არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს.

„ამ შემთხვევაში, გაშიშვლდა რეალური მოტივაცია გარკვეული უკმაყოფილებებისა, რომელიც ისმოდა და უკავშირდებოდა საქართველოს. ვგულისხმობ იმას, რომ რეალური მიზეზი უკმაყოფილებებისა, არა სანქციები და განცხადებები იყო, არამედ, როგორც ჩანს, მოტივაცია სწორედ ამას უკავშირდებოდა, იქნებ რამენაირად საქართველო ჩაერთოს სამხედრო ავანტიურაში და შესაბამისად, ამ გზით თითქოსდა, რაიმე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას.

სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არავითარ დახმარებას არ გამოიწვევს ეს უკრაინისთვის და უბრალოდ, არასწორია. მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მგონია, რომ არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს ახლა საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდებას, რომელსაც ყველაფერი შეგვიძლია დავარქვათ, გარდა ერთისა, ეს ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში – ეს შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ.“