ენმ-ის წევრები ბათუმში დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვენ

პუბლიკა

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლბას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ წუხელ დაკავებული 22 ადამიანი.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა დაკავებულია 22 ადამიანი. მათ შორის ბათუმის საკრებულოს თითქმის ყველა დეპუტატი, უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი.

„გუშინ პოლიციამ პირდაპირ მიიღო დავალება, რომ ეს პროტესტი, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნის მიზნით, არ ყოფილიყო განგრძობადი, გადამდები და სწორედ ამიტომ, ქართული პოლიცია შეეცადა ჩაეხშო ეს პროტესტი და დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში ნებისმიერი ხასიათის საუბარი ქართული ოცნების მხრიდან რაიმე დემოკრატიაზე, არის მტკნარი სიცრუეა. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, ​საელჩოებს, სახალხო დამცველის აპარატს, გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია აღარ არსებობს, რომ ამ ქვეყანაში დიქტატურა საბოლოოდ დამყარდა, რომ გამოხატვის და აზრის თავისუფლება ამ ქვეყანაში აღარ არსებობს და მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლებებიც ჩამოერთვა ხალხს. შესაბამისად, ჩვენ ან ამას ვეგუებით ან ვაგრძელებთ ბრძოლას. მიმაჩნია, რომ ასეთ მონობაზე შეგუება შეუძლებელია, ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ”, – თქვა მირდატ ქამადაძემ.