ენმ-ის წევრები მარნეულში დაპირისპირების ხელმძღვანელების დაკავებას მოითხოვენ

პუბლიკა

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის” წევრები 29 სექტემბრის დაპირისპირების ხელმძღვანელების დაკავებას მოითხოვენ.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 29 სექტემბრის ინციდენტში მონაწილე 2 პირი დააკავა. ენმ-ის წევრები აცხადებენ, რომ შსს-მ ასევე უნდა დააკავოს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც მათი თქმით, ხელმძღვანელებდა თავდასხმას.

„ეს მოხდა დიპლომატიური კორპუსის ჩარევის შემდეგ, მანამდე პოლიცია არ აპირებდა ამათ დაკავებას. ესენი ვინც დააკავეს, ამათ ჰყავდათ ხელმძღვანელები, ესენი არ მოქმედებდნენ თავისით.

პირველ რიგში არიან ხელმძღვანებლები დასაკავებლები.  საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა და დავალებებს გასცემდა და თავადაც მონაწილე იყო. ასევე შერმადინ ბოჭოიძე და სხვებივ დასაკავებლები არიან”, – ამბობს ენმ-ს წევრი ლაშა ქველაძე.

ამირან გიორგაძემ დღეს ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მედიასთან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა:

„ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის” უმციმესი პროვოკაციის შედეგი, რომ დაკავებულია ჩვენი ორი მხარდამჭერი… ამირან გიორგაძე არანაირ ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას”, – განაცხადა მან.


29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე და მისი შვილი ლაშა ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.