ენმ-ის წევრები ზეწოლაზე საუბრობენ | რა ხდება დმანისის საკრებულოში

პუბლიკა

დმანისის საკრებულოში საქმიანობას ჯერ ისევ 2017 წლის მოწვევის საკრებულო აგრძელებს, რადგან 3 დეკემბერს ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ენმ-ის 15 დეპუტატი ბოიკოტის გამო სხდომაზე არ გამოცხადდა და შესაბამისად, ახალი საკრებულოს უფლებამოსილება ვერ ცნეს.

დმანისის საკრებულოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხმები თანაბრადაა გაყოფილი, რის გამოც „ქართული ოცნება“ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას და თავმჯდომარედ საკუთარი წარმომადგენლის არჩევას ვერ ახერხებს. დმანისის საკრებულო 30 დეპუტატისგან შედგება, საიდანაც 1 5 „ქართული ოცნების“ დეპუტატია, 15 დეპუტატი კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არის.

დმანისის საკრებულოში ენმ-ის არჩეული დეპუტატის, ლევან მოსაშვილის თქმით, პირველი სხდომის ჩაშლის შემდეგ ენმ-ის წევრებზე ზეწოლა გაძლიერდა, წევრებს ან მათი ოჯახის წევრებს სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ერთ-ერთი დეპუტატი, რამაზ რამაზანოვი კი რამდენიმე დღით გაუჩინარებული იყო და მასთან კონტაქტზე პარტიის წევრები ვერ გადიოდნენ.

ლევან მოსაშვილის თქმით, დღეს გამართულ სხდომაზე, რომელიც 12 საათზეა ჩანიშნული, რამაზ რამაზანოვს ზეწოლის შედეგად, სავარაუდოდ, მიიყვანენ და ასე მოახერხებენ ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას. მისივე თქმით, სავარაუდოდ, რამაზანოვი საკრებულოს თავმჯდომარეობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატსაც დაუჭერს მხარს.

ლევან მოსაშვილის თქმით, რამაზანოვს დაემუქრნენ, რომ მისი საქმე ბიძინა ივანიშვილამდეა მისული და დაიჭერდნენ, თუ დღეს, 10 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდებოდა.

რაც შეეხება სხვა წევრებზე ზეწოლის ფაქტებს, მოსაშვილის თქმით, ისინი აპირებენ ამ საკითხებზე საჯაროდ ისაუბრონ და ელოდებიან, რომ შესაბამისი უწყებები საჯაროდ ცნობილი განცხადებების საფუძველზე გამოძიებას დაიწყებენ.

„ჩვენი დეპუტატის, მერაბ ფოლადიშვილის მამა პოლიციიდან 2-3 კვირის წინ გაუშვეს, ფოლადაშვილი „პროგრესი და თავისუფლების“ სიით გავიდა. არჩეული დეპუტატის თემურ აფრასიძის მეუღლეც გაათავისუფლეს პოლიციიდან. ასევე არჩეულ დეპუტატს კახა დევნოზაშვილს „ლიბერთი ბანკიდან“ გაშვებით ემუქრებიან/ ასევე მის მეუღლეს, რომელიც ბუღალტრად მუშაობს ბაგა- ბაღების გაერთიანებაში გათავისუფლებით ემუქრებიან“, – განუცხადა პუბლიკას ლევან მოსაშვილმა.

რა ვიცით რამაზ რამაზანოვის „გაუჩინარებაზე“?

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ რამაზ რამაზანოვთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაციები წერდნენ, რომ რამაზანოვი უკვე 2 დღეა სახლში არ იმყოფებოდა.

ოჯახის წევრების განმარტებით, რამიზ რამაზანოვი მათთან კონტაქტზე იყო, თუმცა არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. „ადგილობრივი ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰუსეინ ჰუსეინოვის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ რამაზ რამაზანოვმა მას უთხრა, რომ „ან ხმა უნდა მისცეს „ოცნების” თავმჯდომარეობის კანდიდატს, ან თავი უნდა მოიკლას”. რამაზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით შესული მაჟორიტარი დეპუტატია. ის პირველად არის საკრებულოს წევრი, მანამდე კი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ორუზმანის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. ჩვენ მიერ ადგილობრივებისგან მოპოვებული ინფორმაციით, რამაზი საქმეს კარგად უძღვებოდა. თუმცა 2 კვირის წინ საგანგებო, განმეორებითი ინსპექტირების შემდეგ მოულოდნელად, საკუთარი განცხადებით დატოვა სამსახური“, – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მოგვიანებით რამაზანოვმა კომენტარი მისცა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთს“, სადაც ის ამბობს, რომ დღეს, 10 დეკემბერს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე მისვლას და მონაწილეობას გეგმავს. მისი მისვლის შემთხვევაში საკრებულო მოახერხებს ცნოს ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება და შესაძლოა აირჩიონ ახალი თავმჯდომარეც.