„ენმ“ ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ბრიფინგზე თანაპარტიელის, ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარტია ინციდენტს განიხილავს, როგორც „პოლიტიკურ ზეწოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.“

„ჩვენს ქვეყანაში გრძელდება სახელმწიფო ინსტიტუტების ძალიან მძიმე შემთხვევები: გუშინ დააკავეს ჩვენი ძალიან აქტიური წევრის, ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრი… ლილე არის ის ადამიანი, რომელიც იძიებს უამრავ კორუფციულ სქემას „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულს და არამხოლოდ, თბილისის მერიასთან,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, იმ მიზნით, რომ „ლილეს პოლიტიკურ საქმიანობას შეეშალოს ხელი და იმ მიზნით, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ პატიობს არავის სწორედ ასეთი თემების გამოაშკარავებას და პოლიტიკურ აქტიურობას, მისი ოჯახის წევრს 20 მოწმის ყოველგვარი ჩვენების უგულებელყოფით ედავებიან ძალიან მძიმე მუხლს“.

„ჩვენ ამ ინციდენტს განვიხილავთ, როგორც პოლიტიკურ ზეწოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და როგორც პოლიტიკურ ზეწოლას პოლიციის მხრიდან, რომელიც გადაიქცა უკვე საბჭოთა მილიციად და მას არავითარი საერთო არ აქვს თანამედროვე ღირებულებებთან და ადამიანების დაცვასთან“, – ამბობს  დეკანოიძე.

როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლილე ლიპარტელიანი ამბობს, „სინამდვილეში მისი ოჯახის წევრის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“.

ლიპარტელიანის თქმით, ნამდვილად მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და შელაპარაკებიდან ნახევარი საათის შემდეგ მისი ოჯახის წევრი ბერდია ხაბულიანი თავის 3 მეგობართან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდა, როცა „ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი მხედრიონელის, ბონდო კალატოზიშვილისა და მისი მეუღლის თამარ ბახსოლიანის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა“. ლიპარტელიანის თქმით, დაკავება მხოლოდ ბონდოს და მისი ცოლის ჩვენების საფუძველზე მოხდა.

ამ თემაზე გუშინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი თქმით,
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 28 ივლისს თბილისში, მუხიანში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა და თანხის შემდგომი გადახდის პირობით, ალკოჰოლური სასმლი მოითხოვა. უარის შემდეგ კი ამავე მაღაზიის მეპატრონესა და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.