ენმ-მა პროკურატურაში კახა კალაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

პუბლიკა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახა კალაძე კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

პარტიის წევრების განცხადებით, თანხა, რომელიც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყო, მოპარულია. მათი თქმით, გამოძიების დაწყებას ითხოვენ 17 მილიონ ლარზე, რომელიც კახა კალაძემ „ქართული ოცნების” შემომწირველ და ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიებს გადასცა წერეთლის რეაბილიტაციის დროულად დასასრულებლად”.

„ენმ“-ის გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ისინი მოუწოდებენ თბილისის მერს, პასუხი გასცეს არა მარტო ენმ-ის, არამედ თბილისის მოსახლეობის კითხვებსაც.

„უახლოეს დღეებში ტარდება საკრებულოს სხდომა. ჩვენ მოვუწოდებთ [კალაძეს] მოვიდეს და პასუხი გასცეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ თბილისელების კითხვებს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, დიღმის ჭალებთან დაკავშირებით, ვარკეთილის მეტროს ჭერთან დაკავშირებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. იმის მაგივრად, რომ პათეტიკური კომენტარები გააკეთოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ პასუხი გასცეს ადამიანებს“, – თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „კახა კალაძის კორუფციული სქემები სისხლის სამართლის დანაშაულია“.

„როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა [კალაძემ] ათეულობით მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა გარდაბნის „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრს. დღეს ვხედავთ, რომ ეს თანხა არის გაფლანგული, მოპარული და დღეს, როდესაც კალაძეს არ ეყო აღნიშნული თანხების მოპარვა, ააგო ახალი კორუფციული სქემა და „ქართული ოცნების“ შემომწირველებს და ბერა ივანიშვილის მეგობარს გაუფორმა 17 მილიონიანი ხელშეკრულება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის კორუფცია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, – თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.


თბილისის მერია აცხადებდა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან – „მილენიუმ ბილდერს გრუპი” და „ერ ტე დე” ხელშეკრულებები გაწყვიტა. 

მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა და გამოავლინა 4 კომპანია, რომელიც სამუშაოებს დაასრულებს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული ხელშეკრულებები.

17.5 მილიონი ლარი სწორედ მათზე გადანაწილდება:

  • „ბლექ სი გრუპი” — 4 მილიონი ლარი;
  • „პარმა” — 5.6 მილიონი ლარი;
  • „ენკო” — 3.5 მილიონი ლარი;
  • „ჯეუ გრუპი” — 4.4 მილიონი ლარი.

კონტრაქტორებმა სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა აწარმოონ.