ცნობილია, რომელი კომპანიები გააგრძელებენ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას

პუბლიკა

ცნობილია, რომელი  კომპანიები გააგრძელებენ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას.

შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული ხელშეკრულებები.

სამუშაოებს ჩაატარებს 4 კომპანია. 17.5 მილიონი ლარი სწორედ მათზე გადანაწილდება:

  • “ბლექ სი გრუპი” — 4 მილიონი ლარი;
  • “პარმა” — 5.6 მილიონი ლარი;
  • “ენკო” — 3.5 მილიონი ლარი;
  • “ჯეუ გრუპი” — 4.4 მილიონი ლარი.

კონტრაქტორებმა სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა აწარმოონ.

ამ კომპანიათაგან ერთ-ერთი, „ჯეუ გრუპი” 2018 წელს კახეთის გზატკეცილის მარცხენა და მარჯვენა სათადარიგო ზოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა.

2019 წლის ივლისში კახა კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ სამუშაოებზე 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, „დღეს კი კატასტროფული შედეგი დგას”. კახა კალაძის თქმით, როგორც კი ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ეს კომპანიები საკუთარი სახსრებით სათადარიგო მონაკვეთებს ხელახლა გაუკეთებენ რეაბილიტაციას.

მერის ამ განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა „ჯეუ გრუპი” და განაცხადა, რომ მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა და აღმოფხვრას ყველა ხარვეზი.

ამასთან, „ჯეუ გრუპმა” ჩაატარა ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ჯეუ გრუპის” ერთ-ერთი მფლობელი, 43%-იანი წილის მფლობელი ყოფილი კალათბურთელი, გიორგი მარკოიშვილია. ის „ქართული ოცნების” შემწირველიცაა. 2017 წელს მან მმართველ პარტიას 25 ათასი ლარი გადაურიცხა. იმავე წელს „ქართულ ოცნებას” ასევე 25 ათასი ლარი შესწირა „ჯეუ გრუპის” თანამფლობელმა, ნინო კიკაბიძემ.

გუშინ, 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან – „მილენიუმ ბილდერს გრუპი” და „ერ ტე დე” ხელშეკრულებები გაწყვიტა. 

მერიამ გამარტივებული წესით შესყიდვა გუშინვე გამოაცხადა, დღეს კი გამარჯვებულებიც გამოავლინა. სამუშაოების დასრულების ვადად 31 იანვარია დადგენილი.