ენმ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე: „რუსული ოცნების" შოუ გრძელდება

პუბლიკა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით „გრძელდება რუსული ოცნების შოუ”.

ცისკარიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ.

„რუსული ოცნების“ შოუ გრძელდება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც „ოცნებამ“ წარადგინა მოსამართლეები დიდ წილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ოღონდ სიტუაცია ერთგვარად ტრაგი-კომიკურია, თვითონ დააკომპლექტეს სასამართლო, თვითონ დაწერეს კონსტიტუცია, თვითონ აირჩიეს ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი ვიზიტი ბრიუსელში და ამის გამო ცდილობენ, რომ მოახდინონ ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ამ თანამდებობიდან. ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ პრეზიდენტი რომ წასულიყო მოსკოვში ვიზიტით, ლავროვის მოწვევით, გაბედავდა კი „ოცნება“ თუ მასთან შეთანხმებული არ იქნებოდა ამ შემთხვევაში წამოეწყო იმპიჩმენტის პროცედურა? ეს შეკითხვა უნდა დავსვათ ჩვენ და გავცეთ პასუხი და შესაბამისად, ყველაფერი იქნება ნათელი არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში.“ –  განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ გამოაცხადა. მისივე თქმით, მოსამართლეთა კოლეგიის 3 წევრს ჰქონდა განსხვავებული აზრი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი „ოცნებამ” 1 სექტემბერს დაიწყო. „ოცნება“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია – მან ვიზიტები გამართა უცხოეთში მთავრობის უარის მიუხედავად, თანხმობის გარეშე.