საკონსტიტუციომ ზურაბიშვილი დამრღვევად ცნო და იმპიჩმენტზე „ოცნების" მოთხოვნა დააკმაყოფილა 

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

მერაბ ტურავას თქმით, განსხვავებული აზრი ჰქონდათ: გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინე იმერლიშვილს და თეიმურაზ ტუღუშს.

დასკვნა ევა გოცირიძემ მოამზადა.

მანამდე, 13 ოქტომბერს „ქართული ოცნების” წევრებმა თქვეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან იმპიჩმენტზე უარი „კითხვებს გააჩენდა”, ვინაიდან „კონსტიტუციის დარღვევა ხელის გულზე დევს”.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა წარდგინება, რომელშიც მიუთითა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.

„ქართული ოცნების” წარდგინების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტმა უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს. 

კონსტიტუციაში წერია, რომ  საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. 

6 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოქმედი პარლამენტის პირობებში მოხდება და მას 300 ადამიანისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს.