„არავითარი საფუძველი იმისა, რომ დაკავებული იყოს ენზელ მკოიანი და მის მიმართ რამე ტიპის საქმე აღიძრას, მით უმეტეს, შეუწყდეს მას უფლებამოსილება, არ არსებობს. მე რომ გესროლოთ თქვენ და თქვენ სროლით მიპასუხოთ, ამ შემთხვევაში თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ. ეს არის არაშერჩევითი სამართალი და ვიდეოკადრებში ყველაფერი ნათლად ჩანს”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანს შორის სროლას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიდეოში, რომელიც დეპუტატმა მკოიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, გარკვევით ჩანს, რომ სროლას სამველ პეტროსიანი იწყებს, ენზელ მკოიანი კი მას სროლითვე პასუხობს, რაც კობახიძის მტკიცებით, არ არის მკოიანის დასჯის საფუძველი.
„ამ ვიდეოკადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის მისამართით და ამაზე პასუხობს ენზელ მკოიანი თავდაცვის მიზნით. ეს არის ის აშკარა სურათი, რომელიც კადრებიდან იკვეთება, დანარჩენი არის გამოძიების საქმე. პირდაპირ და ნათლად ჩანს ამ ვიდეოკადრებში ის, რომ კონფლიქტისა და სროლის ინიციატორი არის სამველ პეტროსიანი, რომელიც უპირისპირდება პოლიტიკური თანამდებობის პირს. ეს უნდა დაადგინოს გამოძიება პროკურატურასთან თანამშრომლობით”, – განაცხადა კობახიძემ.
ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა თავის ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელიც მასსა და სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებას ასახავს.
ენზელ მკოიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2020 წლის 26 მარტს სამველ პეტროსიანი, რომელიც ამჟამად „პატრიოტთა ალიანსის” წევრია, კიდევ ერთხელ დაესხა თავს მკოიანის ოჯახს და მისი მოკვლა სცადა.
„სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც მის შვილსა და ჩემს 19 წლის ძმისშვილს, არმენ მკოიანს შორის დაიწყო და რომელსაც საერთოდ არ ვესწრებოდი, მოგვიანებით, ჩემი უშუალო მცდელობით განიმუხტა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე, ამოწურულად ჩავთვალე და ოჯახის წევრებთან ერთად ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდი, ადგილზე სამველ პეტროსიანი მოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, პეტროსიანმა ჩემი მიმართულებით სამჯერ დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა. ამ ნაამბობს ადასტურებს ჩანაწერები სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან, რომლებიც შს სამინისტროს მიერ უკვე ამოღებულია და საქმის მასალებში დევს.
როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით თავს ესხმი პარლამენტის წევრს და მის მოკვლას ცდილობ, ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლის უფლება, აუცილებელი მოგერიების პირობებში ნამდვილად მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სამველ პეტროსიანმა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით მის მიერ გასროლილი ტყვიები საკუთარი ხელით გადამალა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ მან ოთხჯერ, დამიზნებით მესროლა”, – წერია მკოიანის განცხადებაში.
https://www.facebook.com/100005909986520/videos/1412906805582972/
რაც შეეხება სამველ პეტროსიანს, მისი ინტერვიუ jnews-თან „სამხრეთის კარიბჭემ” თარგმნა. ინტერვიუში პეტროსიანი ამბობს, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მკოიანის შვილი მასთან შესარიგებლად მივიდა.
„ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე. ის ჩანს, რამდენჯერ ისროლა მკოიანმა, რამდენჯერ – მე და ჩემამდე ვინც ისროდა.
ინციდენტი არა მკოიანების სახლთან, არამედ ჩვენს კაფესთან ახლოს, მეტიც, კარებთან დაიწყო. ენზელის შვილი 3–4 ადამიანთან ერთად მოვიდა მეგობრულად ჩემს შვილთან სასაუბროდ. ისინი საუბრობდნენ კონფლიქტის გარეშე. უნდოდათ ურთიერთობების გამოსწორება. ამ მომენტში მოვიდა ძმა (იგულისხმება ენზელ მკოიანის ძმა), ხალხით სავსე 5–6 მანქანით და მოულოდნელად დაესხნენ თავს გეორგს [იგულისხმება სამველ პეტროსიანის შვილი]. ყველაფერი ასე დაიწყო.
მე ვისროლე ჰაერში, არ ვიცი, ვინ ისროლა პირველმა. მე გავედი ინციდენტის დასასრულს და ჰაერში გავისროლე, რადგან ისინი მოშორებოდნენ ჩემს შვილს. ისინი იძახდნენ – მოკალით პეტროსიანი და მისი შვილიო”, – ამბობს ინტერვიუში პეტროსიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 მარტს ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით „პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი და 2001 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.