ეპარქიალური საბჭო დეკანოზ თეოდორეს წესის აგებაზე განცხადების გამო შენიშვნას აძლევს

პუბლიკა

მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო განცხადებით ეხმაურება დეკანოზ თეოდორე  გიგნაძის ინტერვიუს, სადაც ის „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის – „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის  შეკავებას ეხებოდა და აკრიტიკებდა მეუფე საბას (გიგიბერია) პოზიციას.

განცხადებაში წერია, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცენდენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში.

ამ განცხადებით საბჭო მცხეთა–თბილისის ეპარქიაში დაფიქსირებულ „ზოგიერთ არასწორ ქმედებაზე” ამახვილებს ყურადღებას:

„ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე  გიგნაძის  ინტერვიუში ადგილი ქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას (გიგიბერია) პოზიციის  მიმართ  კრიტიკას; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, _ „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის  შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე),  რაც გამოწვეულია მართლამდიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირთან.

ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა–თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ კომისიას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად კათოლიკოს–პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო.

როგორც 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია II-მ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოში შეიქმნა მცხეთა-თბილისის ეპარქიალური მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც აღნიშნულ ეპარქიასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ილია II თავად არის მცხეთ-თბილისის ეპისკოპოსი.