ეპისკოპოს სპირიდონის მითითებით პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა არ მოგვცეს - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 15 აპრილს მათ რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.

ამის მიზეზად დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

„სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია. რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა.

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტობრივად იზოლირებული არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

სახალხო დამცველი საგანგაშოდ აფასებს დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: შემჭიდროვებულ ვადებში წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა პანსიონში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე;

დაუყოვნებლივ მიმართონ ყველა ზომას პანსიონში სახალხო დამცველისა და სოციალური მუშკის ვიზიტებისა და ბავშვებთან ინდივიდუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად;

წარმოადგინონ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტუციონალიზაციის გეგმა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით დაიწყოს მისი ეტაპობრივი განხორციელება.