საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს. როგორც რუსუდან გოცირიძე განმარტავს, ის მიწვეული იყო „ტვ პირველის“ გადაცემაში, რომელიც რისთაველიდან გადის ეთერში და ჰქონდა საშვი.
„მითხრეს, რომ საშვში არ იყო მითითებული გადაადგილების არეალი, რომ საშვი ოფისამდე იყო დაშვებული“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
9 ნოემბრის 22 საათიდან დილის 5 საათამდე საქართველოს 7 ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი და ფოთი.
GDI, ISFED, HRC და TI ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს და აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.
მათი თქმით, ეს ნაბიჯი ასევე აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტიან, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.