ექიმების დამატებითი ჯგუფი ყოველდღე გააკეთებს განმარტებებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე – ბრეგაძე

პუბლიკა

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს, ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციურმა სისტემამ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად ამონიტორინგებენ და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისივე ჯანმრთლობის მდგომარეობის შეფასებისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი გაუარესების თავიდან არიდების მიზნით მოხდა.

„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს. გლდანის მე-18 დაწესებულებაში კი, ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზე არის დაცული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თქვა, რომ ის მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუკი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანენ იმ სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გადაწყვეტს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.