ექიმი: ვინც საკომპენსაციო პაკეტს დათანხმდა, უმეტესად ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალია

პუბლიკა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი ნინო ოთარიშვილი აცხადებს, რომ ის, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ საკომპენსაციო პაკეტს დათანხმდა, უმეტესად ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალია. ამის შესახებ მან რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში განაცხადა, სადაც თანამშრომლების ნაწილი აქციას მართავს.

„გადაჭარბებულია ძალიან დიდი რაოდენობა, ვინაიდან მედპერსონალი ვიცით ერთეული, ჩვენ ვინც ვიცით და უმრავლესობა არიან ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებსაც დიდი ეჭვი მაქვს, აიძულეს უბრალოდ, რომ ხელი მოეწერათ კონტრაქტის შეწყვეტაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან”, – ამბობს ოთარიშვილი.

მისივე თქმით, ექიმები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავენ, რომელსაც აქციის მონაწილეები ხელს მოაწერენ. წერილის მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ის დაწვრილებით გაეცნოს მათ პრობლემას. ასევე, შეჩერდეს ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანება.

„23 იანვრიდან ყოველდღიურად იკრიბება აქცია. მათ შორის, ერთხელ სოლიდარობის ჯაჭვის აქცია ისევ ჩატარდა, სადაც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები, ჩვენი სტუდენტები, პაციენტები და სხვა საავადმყოფოს პერსონალი, რომელიც სოლიდარულია ჩვენი აქციის მიმართ და რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობა ამ ქვეყანაში.

ღია წერილით მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ამ ღია წერილს ხელს მოაწერს აქციაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა და ხვალ გავგზავნით. ჩვენ ვთხოვთ [ირაკლი კობახიძეს] დაწვრილებით გაეცნოს ჩვენს პრობლემას, მითუმეტეს მან განაცხადა, რომ ჩართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემის გადაწყვეტაში და შევახსენებთ იმ მდგომარეობას, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და გადავცემთ ჩვენს მოთხოვნას, რომ ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანებულება შეჩერდეს, გაუქმდეს და სამუშაო რეჟიმში დაიწყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედისა და საავადმყოფოს პერსონალის ბედის გადაწყვეტა, ჩვენივე ჩართულობით”, – განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო. მათივე ცნობით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება კლინიკის შენობის ფასადის დემონტაჟი, „რომელიც სამხარაულის დასკნის მიხედვით, ავარიულია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება“.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი შენობა, მის ნაცვლად კი ახალი აშენდება.

ექიმების ნაწილი რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.