ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება არ არის კარგი თანამშრომლობა - პოლონეთის საგარეო

პუბლიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო პოლონელი ექიმის მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შემდგომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების ემოციური განცხადებები „ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს”.

„თბილისში, ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.  

პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და  ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე  და არც  გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.

პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

14 ივლისს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლინიკა „ვიმავემდში“  შესულმა ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და მის გატანას ფეხსაცმლით ცდილობდა. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ პოლონელმა ექიმმა „ახსნა-განმარტებაში დაადასტურა ნიმუშების ფეხსაცმლით გატანის ფაქტი”.