ექიმის შეფასებით ცოტნე გამსახურდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

პუბლიკა

ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გამსახურდიას აქვს მრავლობითი დაზიანებები და მდგომარეობა მძიმეა.

„პაციენტი კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ. აღინიშნება პოლიტრავმა, ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით.

გარდა ამისა, აღენიშნება მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. თავის მიდამოში, თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობა, ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები.

გავხსენით გულ-მკერდის ღრუ. ჩავატარე შესაბამისი ოპერაცია. სისხლდენა გაჩერებულია. ახლა პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში,  სადაც თავის ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება.

ინახება დაზიანების ხარისხი და ნეიროქირურგი გადაწყვეტს მისი მკურნალობის შემდეგ ტაქტიკას. მდგომარეობა სერიოზული და მძიმეა.  პოლიტრავმა ცხოვრებისთვის საშიში დაზიანებაა. როგორ განვითარდება პოსტოპერაციული ტაქტიკა ჩვენი ქირურგები გადაწყვეტენ. ამას გვაჩვენებს კვლევები.“,- განაცხადა ექიმმა.

დღეს საღამოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია თბილისში, ვერაზე დაჭრეს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი გულ-მკერდის არეში დაჭრეს.