ექიმის თქმით, მარნეულში დაპირისპირების დროს ნაცემი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

პუბლიკა

მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დროს ნაცემი ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ კლინიკის წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კლინიკაში სამი პირი შეიყვანეს. ერთერთს ცხვირის ძვლის მოტეხილობა მაქვს მიღებული. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული. ექიმის თქმით, მას ზედაპირული დაზიანებები აქვს სახის არეში.

მისი თქმით, ორი პაციენტი დარჩება დღეს კლინიკაში და სავარაუდოდ ხვალ გაეწერებიან. ერთმა კი უკვე დატოვა კლინიკა. კლინიკის წარმომადგენელის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

“პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობა, მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებიაა სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. ხოლო რა შეეხება მესამე პაციენტს ის უკვე გაეწერა”, – განაცხადა ექიმმა.

მარნეულში დღეს „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ძალადობა (სსკ-ის 126-ე) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა (სსკ-ის 154-ე).

ენმ-ის აქტივისტის გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე კი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.