ექსპერტებმა თამამად გვითხრეს, რომ ვიდეო ყალბია, მაგრამ ამის დასკვნა ერთ დღეში ვერ მომზადდება - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში ბრიფინგზე, მისივე თქმით, ენმ-ის მოძრაობიდან გამოსულ ინფორმაციაზე ისაუბრა. მან წაიკითხა მიმოწერები, რომლებიც, მისი თქმით, ენმ-ის წევრებს შორის წარიმართა.

მდინარაძემ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხა. კითხვაზე – გეგმავს თუ არა პარტია სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოების ექსპერტიზას? – უპასუხა, რომ „ექსპერტიზა ერთ, ორ დღეში ვერ მომზადდება“.

„ის იმყოფება უკრაინაში, კურორტი ტრუსკავეცი. რა სიმბოლურია, ტრუს-კავეცში რომ იმყოფება. ის იმყოფებოდა სასტუმრო რიქსოსში, როცა, ამ ვიდეოს რომ ვითომ დებდა ბათუმში.

ამ კაცმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაასრულა საბოლოოდ. ამ ბინძური ფეიქით დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია. წავიდა ვა-ბანკზე.

ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ვიდეო დადასტურებულად ფეიქია. მათ შორის პირველ ვიდეოში, ჩარჩო რომ ტრიალებს. ერთ და ორ საათში დადასტურება, რომ ფეიქია, შეუძლებელია, მაგრამ საბოლოო დოკუმენტურად დადასტურდება.

ექსპერტიზის დასკვნას ითხოვთ ერთ, ორ საათში? ჩვენმა სპეციალისტებმა, პარტიაში ვინც გვყავს, გვითხრეს თამამად რომ ვიდეო ყალბია, მაგრამ ამის დასკვნა ერთ ან ორ დღეში შეუძლებელია, რომ დაადგინო. ამიტომ გამოაგდეს ერთი დღით ადრე, რომ ვერ მოესწრება ერთ დღეში ექსპერტიზა და ერთ დღეში დასკვნა ვერ დაიდება“, – განაცხადა მდინარაძემ.


დღეს დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ის თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც საქართველოში ჩაწერილი არაა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო fake-ია და ის სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.