ერაყში ამერიკულ ბაზასთან რაკეტები დაეცა - Reuters

პუბლიკა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, მწვანე ზონაში, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს და ასევე არის ბალადის ავიაბაზა, რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. ბალადის ავიაბაზაზე ამერიკელი სამხედროები არიან გამაგრებულნი. ერაყელი სამხედრობის განცხადებით, გარდაცვლილები არ არიან. ინფორმაციას Reuters  ავრცელებს.

„ბაღდადში, სალაჰუდინის პროვინციაში, ბალადის ავიაბაზასთან რამდენიმე რაკეტა დაეცა. არ არიან გარდაცვლილები, ინფორმაცია მოგვიანებით განახლდება“,- ნათქვამია ერაყელი სამხედრობის განცხადებაში.

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, რაკეტები არ დაცემულა უშაულოდ საელჩოს შენობაზე. რაკეტები დაეშვა მწვანე ზონაში, მოედანზე.

ბოლო დღეებში ერაყში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის ბრძანებით ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში  ირანელი სამხედრო მეთაური, ყასემ სოლეიმანი  და ასევე ერაყელი სამხედრო პირები მოკლეს. თუმცა, მანამდე  შშ-ირანს შორის სიტუაციის გამწვავება  პროირანული სამხედრო დანაყოფების მიერ ქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმამ გამოიწვია.

შაბათს, ბაღდადში გლოვის ნიშნად ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.  ისინი ტრამპის მიერ გაცემული ბრძანების შედეგად ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში მოკლულ ირანელ სამხედრო მეთაურს, ყასემ სოლეიმანსა და ასევე ერაყელ სამხედრო პირებს  გლოვობდნენ.