ერდოღანი: ისრაელმა უნდა დათმოს ექსპანსიონისტური მისწრაფებები 

პუბლიკა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელი უნდა შეეშვას ექსპანსიონისტურ მისწრაფებებს.

დუბაიში, მსოფლიო მთავრობების სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს ერდოღანმა თქვა:

„თუ ისრაელს სურს ხანგრძლივი მშვიდობა, მან უნდა დათმოს ექსპანსიონისტური მისწრაფებები და მიიღოს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა 1967 წლის საზღვრებით”, – თქვა მან.

მან ასევე მოუწოდა „კეთილსინდისიერ“ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს – UNRWA-ს და თქვა, რომ მიესალმება მის მუშაობას „6 მილიონი ლტოლვილის საკეთილდღეოდ იორდანიაში, სირიაში, ლიბანსა და პალესტინაში“.

`ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ჩვენს პალესტინელ ძმებს”, – დასძინა მან.

მანამდე ისრაელის შესახებ განცხადება გააკეთეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და იორდანიის მეფე აბდულამ.

ბაიდენის აღშფოთება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ იზრდება იმის გამო, რომ ნეთანიაჰუ არ ითვალისწინებს მის მოწოდებებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ მუშაობს თავის მოკავშირეებთან რეგიონში, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის მიზნით.

შეთანხმება განაპირობებს ცეცხლის, სულ მცირე, 6 კვირით შეწყვეტას. „ამ დროის გამოყენება შეგვიძლია, რათა შევქმნათ რამე უფრო მტკიცე”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

„ჩვენ არ შეგვიძლია, გვერდით გავდგეთ და ამის ასე გაგრძელების უფლება მივცეთ”, – თქვა იორდანიის მეფე აბდულამ.


2 თებერვალს, გამთენიისას ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ რაფაში იერიში მიიტანა – ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს 67 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. პარალელურად, ისრაელმა 2 მძევალი გაათავისუფლა.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ ღაზის სექტორის დაბომბვა არ წყდება. დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 28 ათასს აღემატება.

26 იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ „სამხრეთ აფრიკის [სარჩელის ავტორი სამხრეთ აფრიკა იყო] მტკიცებულებები და არგუმენტები ისრაელის წინააღმდეგ ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და რომ ისრაელის ზოგიერთი ქმედება ჯდება გენოციდის კონვენციის ფარგლებში.   

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდს და მიიღონ ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ასევე, გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.