ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რჩება მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში

პუბლიკა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შესანარჩუნებლად, ამ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მიუხედავად.

ამის შესახებ მან დღეს სტამბოლში განაცხადა. ერდოღანის ამ განცხადებას საერთაშორისო მედიაც ავრცელებს.

„ჩვენ უკვე მივაწოდეთ 9,3 მილიონი ტონა უკრაინული ხორბალი მსოფლიოს და გავაგრძელებთ ამას ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის დაარსებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოყმანობს,  ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ძალისხმევას კაცობრიობის სამსახურში“, – თქვა მან.

გაეროს შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მიუხედავად, დღეს თორმეტმა გემმა დატოვა უკრაინის შავი ზღვის პორტები. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

გაეროს დახმარებით უკრაინის პორტების განბლოკვასა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ და თურქეთმა 22 ივლისს მოაწერეს ხელი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც სასურსათო კრიზისი გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ მოხერხდა გაეროს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც უკრაინა 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებდა.