ერევანში ОДКБ-ს სხდომა პროტესტის ფონზე იმართება - დაგეგმილია პუტინის ვიზიტიც

პუბლიკა

ერევანში დღეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა, თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოს მდივნების ერთობლივი სხდომა იმართება.

სხდომაზე განიხილავენ რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მდივანმა, სტანისლავ ზასმა განაცხადა, რომ „კავკასიის რეგიონში დადებით როლს თამაშობს სომხეთის მთავრობისა და სხვა მონაწილეების ძალისხმევა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, საზღვრების დაკანონებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით.“

მისი თქმით, უკვე შეთანხმებულია კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი სომხეთისთვის დახმარების გაწევის მიზნით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ.

სომხური მედიის ცნობით, ერევანში დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

„რადიო თავისუფლების“ სომხური ბიუროს ცნობით, მიმდინარეობს რუსეთის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, აქტივისტები ასევე მოითხოვენ, სომხეთმა ორგანიზაცია დატოვოს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედის სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი.

LB loan image desktop LB loan image mobile