ერგნეთში 2008 წლის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი ადამიანის შესახებ შეხვედრა შედგა - სიმონიშვილი

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში კონფიდენციალური შეხვედრა გაიმართა.

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ვიორელ მოსანუ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. ცნობილია, რომ შეხვედრის საორგანიზაციო ნაწილში მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა სიმონიშვილმა მედიას საუბრის შინაარსის და შეხვედრაში მონაწილე მხარეების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ საუბარი შეეხებოდა 2008 წლის ომის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამ ადამიანს.

„ეს იყო შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით, სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, შეხვედრა იყო კონფიდენციალური და ჰქონდა ერთადერთი ჰუმანიტარული მიზანი“, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

2008 წლის ომის შემდეგ სამი ცხინვალელი ახალგაზრდა, ხუგაევი, ხაჩიროვი და პლიევი უგო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან. მე-14 წელია მათ კვალს ვერსად მიაგნეს.

„რადიო თავისუფლების“ წყაროს ინფორმაციით, დაკარგული ახალგაზრდების მშობლებს ხელახლა გამოკითხავენ.