ერგნეთში რიგით მე-100 შეხვედრა დასრულდა | ზაზა გახელაძის საკითხი კვლავ გადაუწყვეტელი დარჩა

პუბლიკა

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მე-100 შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულებას ელოდებდონენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ მედიასთან განცხადების გაკეთებამდე შეხვედრის დეტალები უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის ოჯახს გააცნო.

როგორც ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა განაცხადა, ირაკლი ანთაძისგან კონკრეტული ვერაფერი გაიგო, გარდა იმისა, რომ საკითხზე მუშაობა გრძელდება.

„23-დან დავიწყებთ აქციებს. ჩვენ არავის ვადარდებთ, აქ ვიქნებით თუ ცხინვალის ციხეში, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენც ჩავბარდებით, რა აზრი აქვს ჩვენს აქ ყოფნას?!“, – განაცხადა ნანა ბუნტურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის მტკიცებით, ზაზა გახელაძე და სხვა უკანონო პატიმრები შეხვედრის მთავარი თემა იყო. მისივე თქმით, ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს, კონსულტაციები კი გრძელდება.

ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ განიხილეს გახელაძის ოჯახის წევრების ცხინვალში ვიზიტის შესაძლებლობაც.

„იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს თარიღი ცნობილი გახდება“, – განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება ოჯახის გეგმას ცხინვალში გადასვლასთან დაკავშირებით, ანთაძე ამბობს, რომ ამაზე ძნელია კომენტარის გაკეთება.

მისი თქმით, თუ მოხერხდება ოჯახის ოფიციალური ვიზიტი, ისინი გადავლენ და უკანონო პატიმრის მონახულებას შეძლებენ.

„ძალიან ძნელია დღეს საუბარი კონკრეტულ თარიღზე. დამეთანხმებით, ოჯახის წევრისთვის ცრუ მოლოდინების გაჩენა ამორალურია“, – ამბობს ანთაძე.

შეკითხვაზე, რატომ დაპირდა ოჯახს პრემიერი, რომ გახელაძე მაისის ბოლოს იქნებოდა სახლში, ანთაძე ამბობს, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში პროცესის დინამიკამ გააჩინა მოლოდინი, რომ საქმე გარკვეულ პერიოდში გადაწყდებოდა.

„სამწუხაროდ, როგორც მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პროცესები ვითარდება დინამიკურად. შედეგად, ამ ნეგატიურ განვითარებებს შეაქვთ თავიანთი კორექტივები, მაგრამ დაპირება, რომ ზაზა გახელაძე და ყველა ჩვენი თანამემამულე, ვინც უკანონო პატიმრობაშია,  აუცილებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს“, – განაცხადა მან.

ირაკლი ანთაძის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ერგნეთში განიხილეს, ახალგორში გადაადგილების შეზღუდვა იყო.

„თავისუფალი გადაადგილების საკითხი არის ყოველთვის ჩვენგან და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მხარდაჭერილი ერთ-ერთი მთავარი პუნქტი“, – განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, 13 ივლისს გაიმართება.