სებს ₾572 მილიონით ყავს დაჯარიმებული ყეინიშვილის მიმართ გამოძიებასთან დაკავშიებული „ბიტექსჩეინჯი“

პუბლიკა

საქართველოს ეროვნულ ბანკს 572 მილიონ 118 ათასი ლარით ჰყავს დაჯარიმებული სების საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიებასთან დაკავშირებული შპს „ბიტექსჩეინჯი“.

ეროვნული ბანკის 9 ოქტომბრის განცხადებაში წერია, რომ კომპანიას ჯარიმა ორი ტიპის დარღვევისთვის დაეკისრა.

ეროვნული ბანკის თანახმად:

პირველი დარღვევა: ორ შემთხვევაში კომპანიამ შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია არასწორად წარადგინა. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ჯარიმა 3 000 ლარია, შესაბამისად, ამ დარღვევისთვის კომპანიას ჯამში 6 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

მეორე დარღვევა: 572 033 შემთხვევაში კომპანიამ მომხმარებლებს მომსახურება კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე გაუწია. ეს მოთხოვნები მომხმარებლის ვინაობის დადგენასა და გადამოწმებას გულისხმობს. დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე ჯარიმა 1 000 ლარს შეადგენდა, რის შედეგადაც ჯამურმა თანხამ 572 033 000 ლარი შეადგინა.

ამრიგად, კომპანიას ორივე დარღვევისთვის ჯამში 572 118 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია დღეს, 9 ოქტომბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადაგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული.

ამავე განცხადებების თანახმად, ყეინიშვილი ასევე ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრებს უფლება არ აქვთ, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.

ეროვნულმა ბანკმა დღეს, 9 ოქტომბერს თქვა, რომ ბანკის საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდა მისი აცილება საბჭოს სხდომებიდან, სანამ არ დასრულდება პროკურატურის გამოძიება.

დღესვე „რადიო თავისუფლებამ“ განაცხადა, რომ ორი თვეა ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებას, თი როგორ ითხოვდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს. კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა ის 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.