პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

„შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე.

ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

გასათვალისწინებელია, რომ ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში მოხდება ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში „შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა“ და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით.

ეროვნული ბანკი გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ბანკის საბჭოს სხდომებიდან ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხზე იმსჯელებს – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

„ბანკი გაეცნო შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

თუმცა, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება“, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში, აღნიშნულია, რომ პს „ბიტექსჩეინჯი“, რომლის განცხადების საფუძველზეც ნანა ყეინიშვილის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვისაა დაჯარიმებული.


ნანა ყეინიშვილი 2012 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე „ქართული ოცნების“ წევრი იყო – ის იყო საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

2023 წლის 21 სექტემბერს ყეინიშვილი საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით – 84 ხმით ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ვაკანტურ ადგილზე წევრად აირჩია.

2023 წლის სექტემბერში ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ვაკანტური ადგილი იყო. სალომე ზურაბიშვილმა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტს ამ ორ ადგილზე ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები მას შემდეგ წარუდგინა, რაც პარლამენტმა გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები არ დაამტკიცა.

უმრავლესობა მაშინ ამბობდა, რომ კანდიდატების კომპეტენციასთან პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა პრეზიდენტთან კანდიდატებზე წინასწარი შეთანხმება არ მომხდარა.

21 სექტემბერს პარლამენტში ყეინიშვილისა და ხომერიკის საკითხი განიხილებოდა, თუმცა კანდიდატები საკომიტეტო განხილვაზე არ გამოცხადდნენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ მაშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტს მათი კანდიდატურების წარდგენა მიზანშეწონილად აღარ მიაჩნდა მანამდე, სანამ ეროვნული ბანკის გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემა არ მოგვარდებოდა.

გიორგი მსხილაძის თქმით, იმ ფონზე, როცა სებ-ში თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრეზიდენტებმა და მრჩეველმა, სანამ არ გაუქმდება ბრძანება ფარცხალაძისთვის სანქციის მოხსნაზე, მანამდე პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა კანდიდატების წარდგენა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ მაშინ აღნიშნა, რომ კანდიდატურები უკვე წარდგენილია და მათი გაწვევის მექანიზმი კანონში არ არსებობს.