პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – ნანა ყეინიშვილსა და თეიმურაზ ხომერიკს. ორივე კანდიდატმა დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო.

ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭრა, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს – 82-მა.

პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელად საკითხის გატანამდე კანდიდატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს და უარყოფითი დასკვნა სხდომისთვის წარსადგენად მოამზადეს.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანდიდატები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე კანდიდატების წარდგენა.

კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანდიდატების უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. ირაკლი ზარქუამ კი აღნიშნა, რომ ეს კანდიდატები კონსესუსის საფუძველზე არ იყვნენ არჩეულები და „კომიტეტის უმრავლესობა მათ მხარს არ დაუჭერდა“. ამის მიუხედავად კანდიდატებს მხარი პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს.