ეროვნული ბანკი სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს

პუბლიკა

2027 წლის პირველი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები მკაცრდება. საუბარია კოეფიციენტების სისტემაზე, რომელიც სესხის მომსახურების ყოველთვიურ გადასახადის ზღვრის დაწესებას გულისხმობს. 

სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI) განსაზღვრავს, ადამიანის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილი შეიძლება მოხმარდეს სესხის ყოველთვიურ გადასახადს. 

თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით 2027 წლის 1 თებერვლიდან ეს ზღვარი ჯერ 2000 ლარამდე იზრდება, შემდეგ კი 2500 ლარამდე.

დღეს მოქმედი რეგულაციით, თუ ადამიანს ხელფასი 1600 ლარი აქვს, მას სესხში ყოველთვიურად 50%-ის ანუ 800 ლარის გადახდა შეუძლია. 2027 წლის თებერვლიდან კი ის 25%-მდე მცირდება.

ეროვნული ბანკი ცვლილებას უკანასკნელ წლებში „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის“. 

„ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით.

შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია.

ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.