ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა - GSAC და „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტი

პუბლიკა

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) და ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისმა“ „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“ შეიმუშავეს.

პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პრეზენტაციას ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისს“ ბორდის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ესწრებოდა. ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

„ეს წამოწყება პარტიულ-პოლიტიკური კუთვნილება არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საზოგადოებრივი კუთვნილებაა, ამიტომ ამ პროექტის გამარჯვება და წარმატება ჩვენი საზოგადოების გამარჯვება იქნება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი“ – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა პრეზენტაციაზე.

„ეროვნული თანხმობის დეკლარაციის“ ტექსტი ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქესის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაციის ტექსტის მიხედვით, ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას.

დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, საქართველოსა და მთელი რეგიონისათვის გააჩინა ახალი საფრთხეები, რომლის პირობებშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობა.

დეკლარაციის ავტორები წერენ, რომ ძნელად წარმოსადგენია ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან როლს ამ პროცესში ალტერნატივა არ გააჩნია.

„ამ თანამშრომლობამ მაგალითი უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებსა და სრულიად საზოგადოებას, რომ კომპრომისების გზით მიღწეულ იქნას დეპოლარიზაცია და ეროვნული თანხვედრა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.“ დეკლარაციის სრული ვერსია იხილეთ გვერდზე.

“ჯეოქეისი” ანალიტიკური ორგანიზაცია. ორგანიზაციის მკვლევრებისა და მმართველი ჯგუფის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს კვლევების, ანალიზის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადების და სხვადასხვა აქტივობების გზით, შექმნას ანალიტიკური და სადისკუსიო პლატფორმა საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების (სტრატეგიული, საგარეო და საშინაო) და გადაწყვეტილებების შესაფასებლად.