ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება - უფლებამოსილებას „ოცნების“ მთავრობა განახორციელებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით „ოცნების“ პარლამენტს მიმართა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ინიციირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდება და „მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს“.

„პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.

ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები.