ერქვანია ოხანაშვილის კითხვაზე: „კეზერაშვილი შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად, ივანიშვილი - არა“

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სახალხო დამცველობის კანდიდატს თინათინ ექვანიას უსმენენ.

პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშილმა მას ჰკითხა – „მეცენატი შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნეს ოლიგარქად?”. 

ომბუდსმენობის კანდიდატმა, თინათინ ერქვანიამ განაცხადა, რომ ოლიგარქის განმარტება სამართლებრივად რთულია, თუმცა იურისტები შეთანხმებული არიან გარკვეულ განმარტებაზე.

„სხვათა შორის ერთი თვის წინ ჩართული ვიყავი ევროპული კავშირის სამართლის ფარგლებში რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციის თემაზე – საკუთრების უფლების დეფინირების კონტექსტში. ოლიგარქის ცნება ძალიან მალე უნდა განსაზღვროს ევროპის კავშირმა.

მაგრამ თვითონ ევროპული კავშირის სამართალში ოლიგარქი ტერმინი სამართლებრივად იდენტიფიცირებული არ არის. ეს არის უფრო პოლიტიკური ნიშნულის მქონე ცნება, რომელსაც ხშირად იყენებენ რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით.

რაც შეეხება უშუალოდ მეცენატს, ვიცი, ვისზეც მეკითხებით, ვხვდები. ანუ, მნიშვნელოვანია, ტერმინი ოლიგარქი რა არის საერთოდ, რომ განვსაზღვროთ – მახსოვს მსჯელობებში იურისტებთან მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის კრიმინალური წარმომავლობის მქონე რესურსების მფლობელი პირი, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს არის რუსეთში სახეზე. ამ შემთხვევაში ჩემთვის საქართველოში ასეთი ტიპის ადამიანები შეიძლება არსებობდნენ, მაგრამ … აი მაგალითად, ბატონი დავით კეზერეშვილი რომ ავიღოთ, მე მგონია, რომ ამ კრიტერიუმს რაღაც დოზით შეიძლება აკმაყოფილებდეს”, – თქვა თინათინ ექვანიამ.

ანრი ოხანაშვილი მას ჩაეკითხა, მისივე განმარტებით ბიძინა ივანიშვილი ითვლებოდა თუ არა ოლიგარქად.

„ანუ დავით კეზერაშვილი თქვენ მიგაჩნიათ ოლიგარქად და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის მეცენატობით დაკავებული და მისი საქმიანობა უკავშირდება ქველმოქმედებას, ის ვერ იქნება ამ ობიექტური საზომით ოლიგარქად მიჩნეული ხომ?” – ჰკითხა ოხანაშვილმა ექვანიას.

ამაზე თინათინ ერქვანია დაეთანხმა და თქვა, რომ „რაც მე აღვწერე, თუ ეს არის ოლიგარქი, ამას ვერ ვხედავ ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში”. 

პარლამენტმა სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს. გუშინ კომიტეტზე ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმინეს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile