პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ევროკავშირის ელჩების დემარშზე. მან განაცხადა, რომ „ამ ე.წ. დემარშით მოითხოვეს ერთგვარი სანქციების დაწესება რუსეთისთვის“, რაც კობახიძის შეფასებით, სიურპრიზი იყო.
მმართველი გუნდის ლიდერმა გაიმეორა, რომ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დაუწესებენ, რადგან ეს იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ზიანი ეკონომიკური კუთხით.
სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა კობახიძემ პრეზიდენტის 26 მაისის გამოსვლაზე.
„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ 200-300 მილიონად ვყიდითო ღირსებასო? რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად, არც 200-300 მილიარდად, ამას ხაზი უნდა გაესვას, ესაა ჩვენი ხელისუფლების მიდგომა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. მეორეც – როცა საუბარია ციფრებზე, აქ არაა საუბარი 200-300 მილიონზე, საუბარია ბევრად უფრო მეტზე. ეკონომისტების დათვლებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში დავსჯიდით საკუთარ ქვეყანას, ჩვენი ეკონომიკა დაკარგავდა მინიმუმ 10%-ს პირველ წელს, შეიძლებოდა, ყოფილიყო -18% ეკონომიკური ვარდნა, რაც თანხებში ნიშნავს 2.5 მილიარდი დოლარიდან 4.5 მილიარდ დოლარამდე დაკარგავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საუბარია კატასტროფულ შედეგებზე.
კითხვა უნდა დაისვას, ვინ დაგვიკომპენსირებდა ამ თანხას? თუნდაც 2.5 მილიარდს, მაშინ როდესაც ევროკავშირის და ამერიკის დაფინანსება წელიწადში სულ არის 200 მილიონი დოლარი. ეს არაა მთლიანად დახმარება, აქედან უდიდესი ნაწილი ხმარდება NGO-ებს დაფინანსებას, ნაწილი ბრუნდება უკან. […] ვკითხოთ ხალხს, შეიძლება ხალხი თანახმა ამ თანხის დაკარგვაზე, მოდით ვკითხოთ, აჭარაში ჩვენს მოქალაქეებს, შვილებს დაუტოვონ ვალები? შერჩეთ მათ შვილებს მამუკა ხაზარაძის ვალები? კახეთში ვკითხოთ, უღირთ თუ არა მოსავლის გაფუჭება, მთელი წლის შემოსავლის გაშვება და ა.შ.? 200 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ ზიანს ვერ დააკომპენსირებდა ვერც კანდიდატს სტატუსი და მაგალითად მოიყვანა მოლდოვა და აღნიშნა, რომ საქართველოს და მოლდოვას შორის ეკონომიკური სხვაობა იზრდება საქართველოს სასარგებლოდ 8 მილიარდით.
კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკური ზრდის გზით უნდა იაროს და არა იმ გზით, რომელსაც „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავაზობენ და რომელსაც გამოეხმაურა დემარში“.
„გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს.
ევროკავშირის წევრმა 27 ქვეყნის ელჩმა რუსეთთან ფრენის დაწყების გამო საქართველოს დემარში 29 მაისს გამოუცხადა.