ჰერჩინსკი: ხელისუფლებას გადავეცი პოზიცია, რომელიც 27-მა ქვეყანამ შეათანხმა ბრიუსელში

პუბლიკა

ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დემარში გამოუცხადა. დიპლომატების დემონსტრაციული ქმედება რუსეთთან პირდაპირი ფრენის დაწყების საკითხს შეეხო.

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ სამინისტროში შეხვედრაზე მინისტრ ლევან დავითაშვილს აცნობეს, რომ ფრენის დაწყების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა.

ელჩის თქმით, შეშფოთება გამოთქვეს იმაზე, რომ ეს ეწინააღმდეგება რუსეთს იზოლაციაში მოქცევას და ზეწოლის გაძლიერებას.

„შეხვედრაზე თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი. ჩვენ გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, მიიღონ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ზეწოლა განვახორციელოთ მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე განაგრძობს უკრაინაში. მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ეს ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, მე დამავალეს გადამეცა გზავნილი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ. [1tv-ის თარგმანი]

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, იკარგება პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი.

„ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რაც ჩვენ უკვე მოსმენილი გვქონდა საქართველოს მთავრობისგან, რომ უზრუნველყოფენ, რომ არც ერთი სანქცირებული ავიახაზები და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება. მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, აეკრძალა ყველანაირი ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის რუსული თვითმფრინავის, ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია 27-ვე წევრი სახელმწიფოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ, რათა ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე და შეცვალონ მისი ქცევა უკრაინის მიმართ“, – თქვა მან.

ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსგან დემარშის მიღების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს გაუზიარა ინფორმაცია, რომ რუსეთთან ფრენის დაწყების შემდეგ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში საბაჟო კონტროლი გაძლიერდება, რომ დაზღვეულ იქნას სანქციების თავიდან არიდება ან საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების დარღვევა.

მინისტრის თქმით, ელჩებს აუხსნეს, რომ საქართველოს კონტექსტი რუსეთთან მიმართებით განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რადგან საქართველოს აქვს საზღვარი სახელმწიფოსთან, რომელსაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს.