„ერთადერთი შანსი გადარჩენის არის სამაშველო“ - შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დამსვენებლები შველას ითხოვენ

პუბლიკა

„პერსონალმა მაქსიმალურად გამოიყვანა ხალხი სასტუმროდან. ველოდებით სამაშველოს, რომელსაც ეგრევე დავურეკეთ და გვითხრეს, გამოვიდნენო. ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა, ერთადერთი შანსი გადარჩენის არის სამაშველო. ძალიან ბევრი ბავშვია. მდინარის ხმა ისმის, რომელიც შეიძლება ადიდდესო პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ“, – სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ ერთ-ერთი დამსვენებელი ვიდეოს აქვეყნებს და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, სასტუმროში მყოფი დამსვენებლები ელოდებიან, როდის მივა მათთან სამაშველო ვერტმფრენები.

ვიდეო: მაია ფირცხალაიშვილი

„მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვი და მოხუცია. შემოსაზღვრული ვართ, არანაირი გასავალი არა არის. არის ორმეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო სანსეტ შოვი, სხვაგან რა ხდება არ ვიცი”.- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბარში.

შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა.

შსს-ს ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის. დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.