ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვდიოთ, ეგ პრობლემა არაა - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიძლება დამნაშავის დაკავების ოპერაცია ერთი თვეც გაგრძელდეს.

„ერთი კვირა კი არა შეიძლება ერთი თვე ვდიოთ ან მეტი, ან ნაკლები. ეგ პრობლემა არ არის არანაირი. გვაცალეთ, თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ, მაგას ნამდვილად გეტყვით“, – უთხრა მინისტრმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.


21 ოქტომბერს,  დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან, სამხარეო პოლიციის უფროსსა და თანხასთან ერთად დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დამნაშავე ჯერ კიდევ თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.