„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს

პუბლიკა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

25 ოქტომბრის შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ყაჩაღობას, მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

ამასთან, ბორცვაძის თქმით, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია – 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.


21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა. მძარცველს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ბოლო ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის დაკავების მიზნით კი, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.