ერთი მაჟორიტარული ოლქი ზუგდიდის საკრებულოს ბედს გადაწყვეტს | რას ამბობენ კანდიდატები

პუბლიკა

თვითმმართველობის არჩევნებში ზუგდიდის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს, თუმცა მე-4 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნული მეორე ტური გადაწყვეტს, ჩამოაყალიბებს თუ არა დამოუკიდებლად უმრავლესობას „ერთიანი ნაცონალურ მოძრაობა“.

30 ოქტომბერს ზუგდიდელებმა არჩევანი უნდა გააკეთონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ ირაკლი ჯანაშიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ზვიად ჯღარკავას შორის. პირველ ტურში ენმ-ს კანდიდატმა 1 260 ხმა მიიღო, „ოცნების“ კანდიდატმა კი – 1 232.

თუკი მეორე ტურში „ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, ადგილობრივ საკრებულოში დამოუკიდებლად ვერცერთი პარტია ვერ ჩამოაყალიბებს უმრავლესობას. პირველი ტურის შედეგებით მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 19 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.

„პუბლიკა“ ზუგდიდის #4 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატებს ესაუბრა, წინასაარჩევნო გარემოს, მოსალოდნელი შედეგისა და ოპონენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზვიად ჯღარკავა აღნიშნავს, რომ ვითარება ოლქში ნელ-ნელა იძაბება.

„პირველ ტურს რომ შევადაროთ, ორივე მხარეს უფრო გააქტიურებულია ხალხი. მთავრობა ყველაფერს ეცდება და თუ ვითარება დაიძაბა და რამე ჩემთვის მიუღებელი იქნება, მაგაზე რეაგირება მოხდება“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზვიად ჯღარკავა.

ზვიად ჯღარკავას შეფასებით, თავისი გამარჯვება გარდაუვალია, ოპონენტებთან თანამშრომლობაზე კი ამბობს, რომ „მთავარია, საქმე გაკეთდეს“.

„თანამშრომლობას გააჩნია. ჩვენ არავის არ ვერჩით. მთავარია, კანონის ფარგლებში რა როგორ იქნება საჭირო და თუ მოგვყვებიან, მოგვყვებიან… საკრებულოში იქნება თუ მერიაში, ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გაკეთდეს საქმე. რაც დაპირებული იყო ამ 9 წლის განმავლობაში  – რა არ გაკეთდა, როგორ გაკეთდა, რატომ არ გაკეთდა – ეს ყველაფერი გამოძიებას ჩაბარდება თავიდან ბოლომდე“, – ამბობს ჯღარკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აღნიშნავს, რომ იმ ძალისგან, რომელმაც აბაშაში ხალხი ცოცხებით შეიარაღებული გამოიყვანა, სიკეთეს არ ელის.

„თვითონ თუ ჰგონიათ, რომ ცოცხებით რამეს მიაღწიეს, ძალიან ცდებიან. ათჯერ უფრო ძლიერები ვართ ახლა მაგ თემაზე. 7 კაცი გაშიფრული გვყავს მაინც რომ იცოდეთ, ვინ იდგა აბაშაში და როგორ იდგა. 3 გვყავს დარჩენილი და მაგათაც ვნახავთ, დაველაპარაკებით ყველას სათითაოდ. მივაკითხავთ ოჯახებში ჩეულებრივად, ცივილიზებულად და რევანშის გარეშე და ვნახოთ, როგორ მოიქცევიან“, – ამბობს ჯღარკავა.

ზვიად ჯღარკავა ყურადღებას ამახვილებს იმ უპირატესობაზეც, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებით შეიძლება, რომ მიიღოს „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.

„ამათ ისეთი „სასტავი“ ჰყავთ… ამათ არანაირი ტრაკი არ აქვთ, რამე ზეგავლენა მოახდინონ. აიპებსა და სიპებზე არიან დამოკიდებული და ემუშავებიან დასუფთავებას, პედაგოგებს, ბაღებს… როგორც ხდება ხოლმე“, – ამბობს ჯღარკავა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი კი მიიჩნევს, რომ თავის ოლქში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალ, კონკურენტულ და მშვიდ გარემოში წარიმართა და მეორე ტურშიც ასე მიმდინარეობს. ირაკლი ჯანაშიას კონკურენტის მსგავსად გამარჯვების იმედი აქვს, მიუხედავდ იმისა, რომ პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა.

„პირველ ტურზე ჩვენი ამომრჩევლის ნაწილმა ჩათვალა, რომ ჩვენი პარტია გამარჯვებას მაინც მოიპოვებდა და არ მოვიდა არჩევნებზე, რაც მეორე ტურში აუცილებლად შეიცვლება და შედეგზეც აისახება.

მეორე ტურის წინ ჩვენი ამომრჩეველი სრულად არის მობილიზებული, რომ მივიდეს არჩევნებზე, ხმა მისცეს „,ქართულ ოცნებას“ და არ დაუშვას სისხლიან და ძალადობრივ რეჟიმზე დამყარებული პარტიის წარმომადგენლების  გამარჯვება. ის მუხტი, რაც ,,ქართული ოცნების“ ამომრჩეველში იგრძნობა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ განვითარების იმ ტემპს, რაც ახლაა“, – ამბობს ჯანაშია.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ოპონენტებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე აღნიშნავს, რომ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია და ოპოზიციონერ დეპუტატებთან თანამშრომლობა მისთვის არასდროს ყოფილა პრობლემა და ეს მომავალშიც ჩვეულებრივად გაგრძელდება.

„რაც შეეხება მერს, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ოპოზიციონერი მერი ეყოლება, 30 ოქტომბრის არჩევნები მამუკა წოწორიას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება და ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ   ღირსეულ გამარჯვებას“, – ამბობს ჯანაშია.

ცესკოს მონაცემებით, 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სწორედ მეორე ტურის შედეგები განსაზღვრავს, იქნება თუ არა მმართველი პარტია საკრებულოს უმრავლესობაში. ამ მხრივ, გამონაკლისია ზუგდიდის, ბათუმისა და რუსთავის საკრებულოები – აქ, წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს:

ბათუმი

  • „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი;
  • „ლელო“ – 1 მანდატი.

ზუგდიდი

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 19 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.

ერთ მაჟორიტარულ ოლქში კი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.

რუსთავი

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 15 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.

ერთ მაჟორიტარულ ოლქში კი „ქართული ოცნებისა“ და „საქართველოსთვის“ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.

ასევე, სენაკისა და წალენჯიხის საკრებულოებში უმრავლესობის ბედს მეორე ტური გადაწყვეტს.