ერთი მხრივ, კარგია, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია - ხუნდაძე რეგისტრაციის შეფერხებაზე

პუბლიკა

„ფაიზერზე“ მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, ვებგვერდი გადაიტვირთა. ერთი მხრივ, კარგია, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

„ვაქცინის კუთხით არჩევანის საშუალება, ხედავთ, რომ ეტაპობრივად იზრდება. ქვეყანაში უკვე შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინაც. მასზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცესიც საკმაოდ გადატვირთული იყო. ერთი მხრივ, კარგია, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია, იმდაგვარი, რომ ზოგჯერ გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც იქმნება. მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებით ამ წუთშიც მიდის მუშაობა და პრობლემა უახლოეს საათებში მოგვარდება. მთავარია, რომ აქტივობა არ შევანელოთ, ანუ აცრის სურვილი არის, პრაქტიკულად, არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა, არამედ სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. ხედავთ, რომ „დელტა“ შტამის სიჭარბემ გამოიწვია ბავშვთა ინფიცირების დინამიკის ზრდა. ამიტომ ავიცრათ, თუნდაც იმიტომ, რომ სახლში ბავშვებს ვირუსი არ მივუტანოთ“, – აცხადებს ხუნდაძე. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე Pfizer-ზე ადგილების დაჯავშნა დღეს 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი – booking.moh.gov.ge შეფერხებით მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ჯერზე ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობიდან.