NCDC-ში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, მუშაობენ ხარვეზის გამოსწორებაზე - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რა პრობლემა შეექმნა აცრების პორტალს.

„შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტუროთ და პირველ რიგში მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო.

შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა, როგორც ჩვენთვის ცნობილი იყო, კიბერთავდასხმა, ამ ჯერზე ეს დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობიდან. არის ძალიან ცუდი, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა აღმოფხვრა დროულად. ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსხური, რომელიც მუშაობს ხარვეზის გამოსწორებაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ დღეს გამოცხადებული დოზები არ არის საბოლოო და დროთა განმავლობაში დამატებითი დოზები ეტაპობრივად შემოვა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ზე ადგილების დაჯავშნა დღეს 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი – booking.moh.gov.ge შეფერხებით მუშაობს.

ამ დროისთვის Pfizer-ზე დარეგისტრირების მსურველები რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებენ.

pfizer-ის ვაქცინა საქართველოში  დღეს ჩამოვიდა.  ვაქცინა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. pfizer-ით იმუნიზაციას მოქალაქეები პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.

pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.