ერთი წელი 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვიდან | EMC სისტემურ ჩავარდნებსა და პრობლემებზე

პუბლიკა

„ეს საქმე კიდევ ერთი ტრაგიკული გამოვლინება იყო სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეზე ზრუნვის პოლიტიკის არარსებობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემური ჩავარდნისა, რასაც 15 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა”, – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ლუკა სირაძის გარდაცვალების წლისთავს ეხმაურება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ლუკა სირაძის შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად სუსტია საგანმანათლებლო სისტემაში მოზარდების სოციალური მხარდაჭერისა და თანადგომის მექანიზმები და ამავდროულად, როგორი ხისტად იჭრება საპოლიციო რეპრესიული აპარატი ადამიანების ცხოვრებაში.

„რამდენიმე თვის წინ, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არასრულწლოვნისთვის ჩვენების იძულებით მიცემისთვის. ცხადია, ამ საქმეზე ადეკვატური სისხლის სამართალწარმოება და დამნაშავის დასჯა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემა უფრო ფართოა და არ შემოიფარგლება პოლიციის ერთი თანამშრომლის გადაცდომით. აღსანიშნავია, რომ მარიანა ჩოლოაინი მანამდეც ფიგურირებდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საქმეში. ამის მიუხედავად, მას მაინც ანდო სისტემამ ისეთი მგრძნობიარე საქმეების გამოძიება, სადაც არასრლუელოვნების ინტერესები ფიგურირებს. სამწუხაროდ, საზოგადოებას დღემდე არ აქვს ინფორმაცია, ვინ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და რაიმე ფორმით აგო თუ არა პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის.

სამართალდამცავ სისტემაში არსებული პრობლემების გარდა, ლუკა სირაძის საქმემ გამოაჩინა სასკოლო/საგანმანათლებლო სივრცეებში მოზარდების კეთილდღეობის კუთხით არსებული გამოწვევები და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უსაფრთხოების პარადიგმა, რომელიც მუდმივ კონტროლსა და რეპრესიულ საპოლიციო ძალაზე დგას, არსებითი ზიანის მომტანია და ის სხვა მიდგომებით საჭიროებს ჩანაცვლებას.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მისი როლი არამხოლოდ საპოლიციო კონტროლსა და დამნაშავის დასჯაში დაინახოს, არამედ სისტემურად შეცვალოს მიდგომები, განსაკუთრებით კი მოზარდების და  სპეციალური საჭიროებების მქონე სხვა ჯგუფების მიმართ. სასკოლო და საგანმანათლებლო სივრცე, მოზარდის უსაფრთხოებასთან ერთად, უნდა უზრუნველყოფდეს მის ღირსეულ და თანასწორ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში და ამ კუთხით, პოლიტიკა არსებითად უნდა ეყრდნობოდეს თანასწორობისა და ინკლუზიურობის იდეებს. საპოლიციო ძალა მოზარდის მიმართ მხოლოდ უკიდურეს, საგამონაკლისო შემთხვევაში შეიძლება გამოიყენებოდეს და ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მოზარდის საუკეთესო ინტერესი”, – წერს EMC.