„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩიეს. საბჭოში 8 წევრი აირჩიეს.
ესენი არიან: პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანა წითლიძე , ლაშა ფარულავა, გიორგი ჩალაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ირაკლი ნადირაძე. მე-9 კანდიდატმა თინა ბოკუჩაბამ უარი თქვა დროებით მმართველობოთ ორგანოში ყოფნაზე და დარჩა პოლიტსაბჭოს წევრად.
ენმ-ის დროებითი მმართველობითი საბჭოს ნომინალური ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი იქნება.
ასევე შეიქმნება „რეფორმატორების საბჭო“, რომელსაც, მიხეილ სააკაშვილის თქმით ის ჩაუდგება სათავეში, აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. რეფორმირების ბორდი, სააკაშვილის თქმით, ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან ჩამოყალიბდება.
მას შემდეგ, რაც დღევანდელ ყრილობაზე აირჩიეს საბჭოს წევრები, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები პირდაპირი გზით 6 თვის შემდეგ ჩატარდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა პარტიის დღევანდელ ყრილობას დაესწრო. მან მედიასთან ყრილობის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მან მიიღო შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობასთან დაკავშირებით, მაგრამ თავს დროებითი მართვის სტრუქტურაში არ ხედავს.
„მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითმა წევრმა.
ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურა არ დასახელებულიყო, შესაბამისად არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს.