ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს აქ, ვემიჯნებით მათ და გადავინაცვლებთ - გოლეთიანი

პუბლიკა

მოძრაობის – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით,  გუმათჰესთან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს. მისი თქმით, ისინი ემიჯნებიან ამ პროცესს და პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები, „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერები სხვაგან გადაინაცვლებენ.

„ვხედავთ, რომ სხვა ჯგუფები, სხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე. მივმართეთ პოლიციის უფროსს ცოტა ხნის წინ და ვუთხარით, შეიძლება მოხდეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად ხელისუფლების ინტერესშია. ამიტომ, ამ ყველაფრის თავის ასარიდებლად და პრევენციისთვის, ვაკეთებთ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ მთელ ამ პროცესს, ანუ ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს.

თუკი, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ, ამ ადგილზე მოვლენ, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ, ვინც ვდგავართ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში. პოლიციამ თვითონ აღნიშნა წეღან, რომ ამ სიტუაციას არ გააკონტროლებს. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ წინასწარ მათაც აქვთ შესაძლო დაპირისპირების, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, ამიტომ თვითონვე რაღაც შორს დაიჭირეს თავი…

ჩვენ ამ ყველაფერს გავემიჯნებით. გადავინაცვლებთ კარავთან, ოდნავ ქვევით და იმ ხალხს, ვინც არის საჩხუბრად ჩამოსული, აქ დავტოვებთ “, – განაცხადა გოლეთიანმა.