„ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ“ - სახელმწიფო მინისტრი ზაზა გახელაძის პატიმრობაზე

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის, ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ განაჩენს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი გამოეხმაურა.

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ცალსახად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით.

უკანონო დაკავებები ჩვენი ხელისუფლების უმწვავესს გამოწვევას წარმოადგენს, რაც 2008 წლის ოკუპაციის მძიმე შედეგია. ჩვენ ყველა შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა უკანონოდ დაკავებული ყოველი ჩვენი მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე და ცენტრალური ხელისუფლების, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, – განაცხადა მინისტრმა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile