„ეს 83 ადამიანი არის რუსეთის აგენტების რეესტრი" - ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადება

პუბლიკა

რუსული კანონის პირველი მოსმენის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განცხადებები გააკეთეს და მოქალაქეებს დღეს პარლამენტთან შეკრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ რუსულ კანონზე მხარდაჭერით დღეს 83-მა დეპუტატმა თავად შექმნა აგენტების სია.

„აგენტების კანონი და რუსულ კანონზე ხმის მიცემით თავად შექმნა რუსეთის აგენტების სია და ამ სიაში დღეს გაფორმდა ივანიშვილი და მისი 83 დეპუტატი. თვითლუსტრაცია მოახდინეს, ეს 83 ადამიანი არის რუსეთის აგენტების რეესტრი. ბრძოლა გრძელდება, მანამ, სანამ არ იქნება გარანტირებული საქართველოს ევროპული მომავალი, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, დღეს 7 საათზე პარლამენტთან დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი”, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მოქალაქეებს.

სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი მოსმენაა და პროცესი ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. მისივე თქმით, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საზოგადოება პროტესტის დაიღლება, თუმცა მისივე თქმით, გადამწყვეტი ბრძოლა ახლა იწყება.

„ახლა ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო, იმიტომ, რომ დღეს წყდება საქართველოს ბედი. მაგრამ ეს არის პროცესი, ეს პროცესი დასრულდება ქართველო ხალხის გამარჯვებით არჩევნებზე , იმიტომ, რომ რუსებს ხელისუფლებაში არ დავტოვებთ. რა უნდა რუსულ ხელისუფლებას? მათი ერთადერთი იმედი არის, რომ ჩვენ ყველა დავიღლებით ბრძოლით, ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლას ვიწყებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ და ჩვენი ევროპული მომავლისთვის. პარლამენტთან ყველას, ვისაც შეუძლია სიარული”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

თინა ბოკუჩავამაც განაცხადა, რომ ახლა ერთიანობის დროა, ამიტომ საზოგადოებას დღეს, 7 საათზე რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, რათა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგონოს პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ.

„დღეს არის ერთიანობის დრო, ყველა თაობის წარმომადგენლებო, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, ჩვენი შვილები იბრძვიან ევროპული მომავლისთვის და უნდა დავიცვათ ერთად. ჩვენ, ოპოზიციამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რუსული კანონი არ მიეღო ივანიშვილის პარტიას პარლამენტში, ვიბრძოლეთ სიტყვით, მაგრამ მათ მაინც მიიღეს, ეს არის მხოლოდ პირველი მოსმენა, გვახსოვს, რომ ასე მოხდა შარშანაც და შემდეგ მოუწია ივანიშვილის პარტიას გაწვევა, იმიტომ, რომ ათი ათასობით ახალგაზრდამ არ დათმო ევროპული მომავალი და არ დავთმობთ არც ახლა, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. გთხოვთ, გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ რუსთაველის გამზირზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია.