„მინდა ვთქვა გარკვევით: კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში – ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ეს საპირისპიროა. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე შესაძლოა თუ არა მოხდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვა აღნიშნული კანონის მიღების შედეგად, გამოცემის ცნობით, მიშელმა არ შეაფასა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სტანდარტების საწინააღმდეგო ნებისმიერი განვითარება „ზეგავლენას“ მოახდენს იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.
„გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და მოიაზრებს იმას, რომ კანდიდატი ქვეყნები — რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს.
თუ ისინი კენჭს უყრიან კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე“,- განაცხადა შარლ მიშელმა.
17 აპრილს რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.